პრემიერი ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნებამდე: საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი შეითხვის საპასუხოდ, ბრიუსელში თავისი უკანასკნელი ვიზიტი და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართული შეხვედრები შეაფასა. მან ისაუბრა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მოლოდინებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს.

„მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მე მათ დეტალურად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მე მათ კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო და ზოგადად, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში.

ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო.

თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს შეფასებები იყო, დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ ამ კვირაში ველოდებით რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ალბათ, ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც მათ შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერმა.


22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით.

GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.