უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი, მეტი ძალისხმევაა საჭირო, - ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსებაშია აღნიშნული.
euractiv-ის თანახმად, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება, მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე.
გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 (გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული; სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული), სრულად შეასრულა.
„თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ მათ შირუს „უხეში რიტორიკის დასრულებით“ და ასევე, პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობის შექმნას, კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით", - ვკითხულობთ euractiv-ის მასალაში.
გამოცემის თანახმად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ პროგრესი ვერ აჩვენა მედიაპლურალიზმის კუთხით.
GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადადო მიღება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
- როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.