ფინეთმა შესაძლოა, ალანდის კუნძულების დემილიტარიზაციის შესახებ ხელშეკრულებას გადახედოს. ფინეთში, პოლიტიკურ აქტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მთავრობამ, უკრაინაზე თავდასხმიდან 16 თვის შემდეგ, შესაძლოა, დაუცველი ალანდის კუნძულები მის ფოკუსში მოაქციოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Politico წერს.
ფინეთის ახალი მთავრობისთვის, რომელსაც მემარჯვენე-ცენტრისტი პეტერი ორპო ხელმძღვანელობს, არქიპელაგის სტატუსის საკითხი რუსული აგრესიის გაზრდის ფონზე პრიორიტეტული გახდა. ორპომ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ მისი ეროვნული კოალიციის პარტიის წევრები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არსებულ სტატუს კვოს.
ფინეთის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა პეკა ტოვერიმ, რომელიც პარლამენტში აპრილში აირჩიეს, განაცხადა, რომ ალანდის დემილიტარიზაცია უნდა დასრულდეს.
თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ფინეთი ოფიციალურად, NATO-ს ახალი წევრი აპრილის დასაწყისში გახდა. ფინეთი შეერთებულ შტატებთან მის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განლაგების თაობაზე ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ინფორმაციისთვის, კუნძულები განლაგებულია ბალტიის ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან არეალში, რომელმაც მთელი ისტორიის განმავლობაში მიიპყრო ახლომდებარე ქვეყნების ყურადღება.
შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება.
ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.