საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა.
ელჩის შეფასებით, ეს არის მისასალმებელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვის, მედიის თავისუფლებისა და ევროპული მიმართულებისთვის.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
მიშელი ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო აღარ შეეცდება, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღებას.
„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურ იმპულსს სძენს რეფორმებს, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.