როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე დიდ პრობლემებს - ბრეგაძე

როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე დიდ პრობლემებს - მჯერა, რომ საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე საკმაოდ დიდ პრობლემებს. გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, რომელიც მუშაობს ევროინტეგრაციის საკითხებზე, მჯერა, რომ ყველა საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებით ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევასა და შეწყალებას კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.



ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.