უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც უკრაინული მედიის თანახმად, ფრონტზე არსებულ ვითარებასა და „ბელორუსის მუქარებზე“ ისაუბრეს.
პრეზიდენტმა ბელორუსში არსებულ ვითარებაზე მოხსენება მოისმინა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან თავის გენერლებს ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერება უბრძანა მას შემდეგ, რაც რუსეთში „ამბოხების“ მეთაური ბელორუსში ჩავიდა. ზელენსკის თანახმად, ბელორუსში სიტუაცია უკრაინული მხარის მუდმივ კონტროლს ექვემდებარება.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ კონტიგენტი უმნიშვნელო რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე გაანადგურეს 20 000-ზე მეტი „ვაგნერელი".
დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.
ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.