რა შეიერაღება განათავსეს NATO-ს მოკავშირეებმა ლიეტუვაში

NATO-ს 16-მა მოკავშირემ დაახლოებით 1000 ჯარისკაცი გაგზავნა სამიტის დასაცავად, რომელიც 11-12 ივლისს რუსეთიდან მხოლოდ 151 კილომეტრის მოშორებით ჩატარდება.

ლიეტუვის საჰაერო სივრცის დასაცავად, გერმანიამ Patriot-ის სარაკეტო სისტემები (12 მანქანა) განათავსა. (Patriot-ი - მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემაa, რომელიც შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად).

ესპანეთმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საფრანგეთმა კი, Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები გაგზავნა.


ლიეტუვაში განთავსდებიან NATO-ს სამხედრო თვითმფრინავები. ქვეყანა ასევე განათავსებს დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობას. ზოგიერთი ქვეყანა სპეციალური ოპერაციების ძალებს გაგზავნის.


ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. 

ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ.

უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს.


ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.


NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

„NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.