9 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ 1943 წლის „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ მსხვერპლები გაიხსენეს.
ისინი ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში, რეგიონულ დედაქალაქ ლუცკში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ.
„ერთად პატივს მივაგებთ ვოლინის ყველა უდანაშაულო მსხვერპლს. წარსული გვაერთიანებს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!" დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
პრეზიდენტები წირვას წმინდა პეტრე-პავლეს კათოლიკურ საკათედრო ტაძარში დაესწრნენ.
„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პატივს მივაგებთ მოკლული პოლონელების ხსოვნას", - დაწერა თავის მხრივ, ანდჯეი დუდამ Twitter-ზე.
AP-ის (Associated Press-ი) თანახმად, 7 ივლისს, „პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და კათოლიკური ეკლესიის ლიდერებმა პარასკევს გახსნეს რამდენიმედღიანი ცერემონია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით პოლონელის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა პატივსაცემად.“
პოლონეთი აცხადებს, რომ 1943-44 წლებში უკრაინელი ნაციონალისტების მიერ 100 000 პოლონელის ხოცვა-ჟლეტა გენოციდი იყო. მკვლელობები მოხდა ვოლინისა და იმდროინდელი აღმოსავლეთ პოლონეთის სხვა რეგიონებში, რომელიც ნაცისტური გერმანიის და შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო და ამჟამად დასავლეთ უკრაინაშია.
მედიის თანახმად, ბოლო წლებში უკრაინის მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა ამ სფეროში დაახლოებისთვის. კერძოდ, შესაძლებელი გახდა სამძებრო და საექსჰუმაციო სამუშაო, რომელიც მანამდე არ ჩატარებულა.
„ეს თვისობრივ ცვლილებაზე მიუთითებს: დღევანდელ უკრაინის მთავრობას უფრო მეტი გაგება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე მის წინამორბედებს რამდენიმე წლის წინ", - აცხადებდა პოლონეთის პრეზიდენტი რადიო თავისუფლების ცნობით.
ცნობისათვის, ვარშავა კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე.