„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინასა და საქართველოს მიმართ NATO-ს განსხვავებული მიდგომა გასაგებია, რადგან უკრაინა დღეს ომის მდგომარეობაშია.
„უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში, 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს“, – განუცხადა მედიას კობახიძემ.
„ჩვენგან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა NATO-სკენ დაახლოების მიმართულებით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონში მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია. ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში.
2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება.
უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის ომის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი. რეალურად, ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ხდება დიფერენცირება, ეს აბსოლუტურად გასაგებია.
ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ომი, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდით. დიფერენციაციის საფუძველი როცა არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით.
ერთადერთი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, ეს დიფერენცირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩვენ ამის ვერ შეგვშურდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 10 ივლისს NATO-ს სამიტის წინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებდა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე.
11 ივლისს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას, რაც მისი თქმით, უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს.