აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გამართავს, რათა NATO-ში უკრაინის ოფიციალური გაწევრიანება აღნიშნოს.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა NATO-ში უკრაინის ნახვა. ეს მოხდება. წინ მივიწევთ, სწორი მიმართულებით მივდივართ… და ვფიქრობ, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა NATO-ში თქვენი ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ”, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანება, რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს.
ის ხაზს უსვამდა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 12 ივლისს გაიმართებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მაქსიმალურად პირდაპირი იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აშშ ალიანსის სიფრთხილეს მხარს უჭერს.
„შეხვედრაზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების ნიუანსებს აუხსნის“, - ამბობდა ჯეიკ სალივანი.
ეს პირველი ასეთი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გაწევრიანების შესახებ ფორმულირების გამო, NATO-ს მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, თუ უკრაინას ალიანსში მიიწვევდნენ.
ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვს. სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც დღეს აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.