Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე გამოთქვამს ვარაუდს, რომ NATO-ს სამიტზე უკრაინამ არაოფიციალურად მიიღო პირობა, რომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. მეთიუ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ კიევმა G7-სგან აქვს უსაფრთხოების გარანტიების დაპირება, რაც უკრაინას მომავალში რუსული აგრესიისგან დაიცავს.
„უკრაინას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები NATO-სგან, მაგრამ „დიდი შვიდეულისგან“ მიიღო უსაფრთხოების გარანტიებისა და ფართო სამხედრო მხარდაჭერის პირობა, რომლის მიზანიც მომავალში რუსეთის შეკავებაა.
როგორც ჩანს, შესაძლოა, უკრაინისთვის არაფორმალურად გასცეს დაპირება, რომ ის ომის დასრულების შემდეგ მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ კი, წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვდა. ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მოგვიანებით, მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ელოდება დღეს, როდესაც უკრაინას მოკავშირის რანგში მიიღებს და ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს გაწევრიანების გზაზე ექნება უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება.
ვილნიუსში, NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.