პრიგოჟინის თვითმფრინავი „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, რუსეთიდან ბელორუსში მეოთხედ ჩაფრინდა - მედია

Alarabiya ბელორუსის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთიდან ბელორუსში მეოთხედ ჩაფრინდა.

„დილის 11:05 საათზე ევგენი პრიგოჟინის (Embraer Legacy 600) თვითმფრინავი (რეგისტრაციის ნომერი RA-02795) დაეშვა მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე. ჩვენი ინფორმაციით, თვითმფრინავი ბელორუსში სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოფრინდა,“ - წერს ბელორუს აქტივისტთა ჯგუფი (Belaruski Hajun), რომელიც ბელორუსში ჯარების გადაადგილებას აკონტროლებს.

მისივე ინფორმაციით, „ეს არის მე-4 შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩადის ბელორუსში. ფრენები ასევე შესრულდა 27 ივნისს, პირველ და 11 ივლისს.


ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინებოდა ფრანგული გამოცემა Liberation-ი 10 ივლისს.

მისივე თანახმად, პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა.