ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ მიდგომას ელიან. ამერიკელმა დიპლომატებმა და ანალიტიკოსებმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ რუსეთის მისამართით წარმოთქმული გზავნილები Europetime-თან შეაფასეს.
„დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან.
მისი შეფასებით, ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, ექნება თუ არა ჯო ბაიდენის მკაფიო განცხადებებს გავლენა, თუმცა ბაიდენი პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც პუტინის გარკვეულწილად გამართლებასაც ცდილობდა და ამბობდა კიდეც, რომ პუტინი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებიც ბაიდენმა ახსენა პრეზიდენტთან საუბრისას, არ იყო პასუხისმგებელი.
„თუმცა ეს აუცილებად არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება და სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
„პუტინთან ბაიდენის საუბრის გათვალისწინებით, აშშ რუსეთთან მიმართებით უფრო შეუპოვარი იქნება“, - მიიჩნევს საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო. ის Europetime-თან ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს.
„ბაიდენის პუტინთან საუბრის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო შეუპოვარი იქნება და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა ამასთან, ადმინისტრაცია დიდი ალბათობით უფრო ფხიზლად დააკვირდება ქართული დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს ლუის ნავარო.
„ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს“, - ეს კი სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს უთხრა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება.
„მე მჯერა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი.
პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ლინკოლნ მიტჩელისთვის ნათელი დადასტურებაა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ს განუცხადა.
„პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოიცავს რიტორიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ყოფილ პრეზიდენტს კი ყოველთვის ეშინოდა ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების, თუნდაც არ დათანხმებოდა მას. არ ვფიქრობ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ობამას წლებში იყო“, - განუცხადა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს.