თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში.
მისივე თქმით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ, მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.
“ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორი ქმედების გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის საკვები პროდუქტებისთვის მიემართება.
ცნობისთვის, იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში.