ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმებაზე: ვიცით, რომ პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდა მიიღონ ზომები

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციისას, ან თურქეთში ვიზიტის დროს.

„რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას," - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა გამოიწვევს სურსათზე ფასების ზრდას, შიმშილს ზოგიერთ რეგიონში და მიგრაციის ახალ ტალღებს.


„ვფიქრობ, ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ბატონ პუტინთან და უზრუნველვყოფთ, რომ ეს ჰუმანიტარული მოძრაობა გაგრძელდეს. ვიცით, რომ მას დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ:

შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“