ბლინკენი: აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა ორ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტი თავიდან აიცილოს. „ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობაში გარკვეული სტაბილურობის დასამყარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონკურენცია, რომელშიც ჩვენ ვართ, არ გადაიზარდოს კონფლიქტში. კონფლიქტი, არ იქნება ჩვენს, მათ ან ვინმეს ინტერესებში,” - განუცხადა ბლინკენმა CNN-ს.


ბლინკენი გასულ თვეში გაემგზავრა ჩინეთში და აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც ასეთი მისია შეასრულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტი გახდა.
 
„ადრე ბევრს არ ვლაპარაკობდით. ახლა ჩვენ გვყავს სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ჩართულნი არიან, ან აპირებენ ჩაერთონ დისკრეტულ საკითხებზე… ეს არის პრობლემები… ურთიერთობაში, სადაც მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ გადაწყვეტას.“ ახლა ადრეული ეტაპია, ვნახავთ შედეგებს,” - განაცხადა ბლინკენმა.
 
„ჩვენთვის გამოცდაა, შეგვიძლია არა გავუმკლავდეთ ამ გზას, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევინარჩუნებთ კომუნიკაციის ამ ხაზებს, ვაგრძელებთ საუბარს და ვმუშაობთ, როგორც ვთქვი, განსხვავებების მოგვარებაზე და იმის დანახვაზე, შეგვიძლია თუ არა თანამშრომლობა,” - განმარტა სახელმწიფო მდივანმა.

CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბლინკენის მოგზაურობის დროს არ გადაწყდა, იყო სამხედრო-სამხედრო კომუნიკაციების აღდგენა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები კვლავ გაყინულია და ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება 2018 წლიდან, ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტის მიერ რუსული იარაღის შეძენის გამო. ლი შანფუ იმ დროს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული შტაბის შეიარაღების სამმართველოს უფროსი იყო.
 
კითხვას, უნდა მოხსნას თუ არა შეერთებულმა შტატებმა სანქცია დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ბლინკენმა თქვა: „ეს სანქციები ხელს არ უშლის მინისტრს ურთიერთობაში ან ჩვენთან ჩართულობაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა.

გასულ თვეში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ სინგაპურში გამართულ რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ლი შანფუსთვის ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მარტში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. რამდენიმე დღით ადრე მან აშშ-ის თავდაცვის მინისტრ, ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
 
იმავე სამიტზე გამოსვლისას, ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის.