აშშ-ის ორი სენატორი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სანქციები, რომლებიც მიმართულია "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" სახელით ცნობილი, რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტის გაჩერებაზე, აამოქმედოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკელი, აიდაჰოდან) და ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირიდან) სახელმწიფო დეპარტამენტს 12 თებერვლით დათარიღებულ წერილში მოუწოდებენ, არ დააგვიანოს კონგრესისთვის იმ ანგარიშის მიწოდება, რომელიც საჭიროა გასულ თვეში დამტკიცებული სანქციების ფარგლებში, თავდაცვის ყოველწლიურ ბიუჯეტში.
ანგარიში, რომელიც 16 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს, დაასახელებს კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობაში, დაზღვევასა და შემოწმებაში. კანონი ითვალისწინებს ჩამოთვლილი კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას.
სენატორების წერილში ნახსენებია "პრესაში გავრცელებული ცნობები, რომ გერმანიის მთავრობამ წარმოადგინა შეთავაზება, რომელიც აშშ-ისგან მოითხოვს უგულებელყოს კანონით განსაზღვრული სანქციები". რიში და შაჰინი დეტალებზე არ წერენ, თუმცა გერმანიის მედია იუწყება, რომ გერმანიის მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციასთან ცდილობდა შეთანხმებას, რათა თითქმის ბოლომდე მიყვანილი გაზსადენი დასრულებულიყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ აშშ გაზსადენის პროექტს განიხილავს "ცუდ შეთანხმებად, რადგან ის ანაწევრებს ევროპას, და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას სუსტ მდგომარეობაში აყენებს რუსეთის მანიპულაციის წინაშე. ის წინააღმდეგობაში მოდის ევროპის მიერვე გამოცხადებულ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების მიზნებთან".
ამავე თემაზე: რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა განაახლა
გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა: გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი.
ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა.