რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვის სტიქიის მასშტაბი შეაფასა და განაცხადა, რომ ვითარება რთულია.
„ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა,“ამბობს ქარსელაძე.
მისივე თქმით, 50 ადამიანიდან, რომლებსაც ვერ უკავშირდებოდნენ, 6 იპოვეს და ისინი უსაფრთხოდ არიან.
დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან.
უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.
ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 70 ადამიანია გამოყვანილი.
სტიქიის არეალში 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. ონში განთავსდა საკოორდინაციო საბჭო.
სტიქიასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა - 598 913 089.
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ჩვენი ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და ისინი გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.
შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.
შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ოპერაციას ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობს. კითხვას, რატომ დაიგვიანეს სტიქიის ზონაში ჩასვლა, ირაკლი ქარსელაძე პასუხობს, რომ ვერტმფრენსაც აქვს სამობილიზაციო პერიოდი.
„შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება,“ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული.