ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი

გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, შოვში, სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გადმოყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.

გუბერნატორის თქმით, ამ ადამიანების ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტი უკვე დატოვა.


„სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით. ვიღებდით ინფორმაციას და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა.

დღეს, უკვე ამ დროისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანეს. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და სახლებში წავიდნენ. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახაში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს,“ - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.


შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს.


შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.

მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.