იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაცია იქნება, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები

„რადო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს.

მისი ინფორმაციით, მდგომარეობა ისეთია, რომ ანგარიში რეკომენდაციას გაუწევს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასა, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუმცა ამ საკითხზე დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსის მიღწევაა საჭირო.


„ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, იქნება რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოსთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენუსის მიღწევა კვლავ საჭიროა," წერს იოზვიაკი Twitter-ზე.

გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.

ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.