საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა უპასუხა შეკითხვას, რა დრომდე შეიძლება, რომ გაგრძელდეს სამძებრო ოპერაცია სტიქიის ზონაში.
„ზოგადად, არსებობს გონივრული ვადები, თუმცა პრემიერისა და შს მინისტრის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაო იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე.
მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.