მღებრიშვილი: მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დამატებით, ვფიქრობთ, რომ მდინარის ნავებით მონიტორინგი საჭირო გახდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სტიქიის ზონაში საძიებო ღონისძიებების არეალი გაფართოვდება. მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ზონები მიიჩნევა სტიქიური უბედირების ზონაში ყველაზე მძიმე წერტილებად.

„ვაპირებთ კიდევ დამატებით ღონისძიებებს და სამუშაოს უფრო გაფართოებას. ეს არის მდინარის კალაპოტი, სადაც გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს 25კმ–იანი კალაპოტის გადამოწმება, დღის ბოლოსთვის ან ხვალ დილიდან დამატებით, ვფიქრობთ, რომ საჭირო გახდება ნავებით მონიტორინგი მდინარის," - განაცხადა მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.


შოვის სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 9 აგვისტოს 21-მდე გაიზარდა. გუშინ ორი ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი, მოზარდია.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაკარგულთა ძებნა გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.