გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ - საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარე

საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რიკოთი დაკეტილია, არასწორია. მისი ინფორმაციით, რიკოთზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, დილის 6 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე

გიორგი წერეთლის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს რიკოთის უღელტეხილი დაკეტილია. რიკოთის საგზაო მონაკვეთზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი.


„იცით, რომ გზის 149-ე კმ-ზე, თოვლის დნობის შემდეგ, არსებული (ძველი) გზიდან 200 მეტრის ზევით, აღმოჩენილი იქნა, ნაპრალები. შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ. გავაფართოვეთ გზა, გავაფართოვეთ ბუფერული ზონა და ამის შემდეგ დავაწესეთ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება.

დღეს ეს რეჟიმი არის შემდეგნაირი - დილის 7 საათიდან საღამოს 9 სააათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე - მოძრაობენ უკვე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები,“ - განაცხადა შოვის სტიქიის ზონაში მყოფმა გიორგი წერეთელმა მედიასთან. მის კომენტარს საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ადამიანების მიერ გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ.

„ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება. რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაო გეგმაზომიერად მიმდინარეობს.“


„გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

მთლიანობაში, რიკოთის უღელტეხილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. ესენია: მსოფლიოს ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათივე მეთვალყურეობის ქვეშ შერჩეული იქნა საპროექტო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ნდობის საპროექტო ორგანიზაციები არიან. აღნიშნული დონორი ორგანიზაციების მიერ მოხდა პროექტის ხელახლა გადახედვა, რევიზია, რომელმაც დადებითი დასკვნა გასცა.

ამაში მონაწილეობდა არაერთი სპეციალისტი და გამოცდილი ადამიანები – ბრიტანელები, ავსტრალიელები, იტალიელები. შესაბამისი დონორი ორგანიზაციების წესით მოხდა ყველა კომპანიის შერჩევა,“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა.


მისივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოს მწარმოებელი ჩინური კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტია გაფორმებული, სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებოდნენ.

„მათთან კონტრაქტი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან ყველა პროცედურა შეთანხმდა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

„რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2019 წლიდან მიმდინარეობს. 97 ხიდი, 51 გვირაბი შენდება.“