შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. დაღუპულია 22 მოქალაქე. დღეს, 11 აგვისტოს, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებით, რიონის კალაპოტში ცხედარი იპოვეს.
„მდინარეზე მონიტორინგი სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ხორციელდებოდა. ახლა უკვე ვსაუბრობთ პერიმეტრის გაზრდაზე. ამ დროისთვის მონიტორინგი 30 კმ-იან პერიმეტრზე მიმდინარეობს. დღის ბოლოდან კი, ან ხვალ დილიდან, 54 კმ-იან პერიმეტრზე გავალთ - ეს არის უკვე ამბროლაურის ტერიტორია,“ განუცხადა მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.
ამასთან, მდინარეში რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა: „ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას.“
თემურ მღებრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მდინარეში სამძებრო სამუშაოში უკვე ნავებია ჩართული.
„ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა. ნავების საშუალებით მივდივართ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ფეხით მიუდგომელია,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
დღესვე, ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა განაცხადა, რომ შოვის სტიქიის ზონაში სამუშაო არეალი გაფართოვდა და მიმდინარეობს ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა.
„ავტომობილების გარკვეული ნაწილი, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი, გამოყვანილია და ეტაპობრივად ხდება სხვა ავტომანქანების გამოყვანა. არეალი გაფართოვდა, მათ შორის, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიმდინარეობს სამუშაო,“ - აღნიშნა მერმა.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. ამ დროისთვის შოვში 800-მდე ცოცხალი ძალა 10 ლოკაციაზე მუშაობს.