ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა

ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის, უილიამ ლაის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაგმო, მას სეპარატისტი უწოდა და განაცხადა, რომ  პეკინი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად,  მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ლაი ჯიუტად იცავს ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ პოზიციას.

ტაივანი არის ჩინეთის ინტერესების მთავარი ბირთვი. მომხდარმა ისევ აჩვენა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ზრდის მიზეზი არის ტაივანი, რომელიც ცდილობს „დამოუკიდებლობის საძიებლად აშშ-ს დაეყრდნოს,“ ნათქვამია განცხადებაში.


ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.

ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.


გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი