გომელაური სტიქიის ზონაში: რაც შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ

შს მინისტრის განცხადებით, 3 აგვისტოს, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დაახლოებით სამ საათში ჩავიდა, რადგან მას მომზადება სჭირდებოდა.

„ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე,“ - განაცხადა მინისტრმა.

ამასთანავე, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ძალიან ცუდი ამინდი იყო.


„თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ, იმუშავეს, მაინც ჩამოვიდნენ, 70 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს - ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ.

დაღამდა და იქედან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ და მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაფრინავდნენ ღამით, გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია, ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა იმ წამს არ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე, პილოტებმა რომ გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული,“ - განმარტა გომელაურმა.


დამაზუსტებელ კითხვას, გომელაურმა უპასუხა, რომ საუბარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვერტმფრენზე.

„ჩვენ სულ 6 ვერტმფრენი გვყავს...“ „სამი ახალი ვერტმფრენი შეძენილი გვაქვს საფრანგეთში. წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი. ეს მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო, რიგებია, ერთი წელი ვმუშაობდით. ამაზე თვეებია, ვმუშაობთ, უკვე ნაყიდია, პილოტებსაც გადამზადება სჭირდებათ,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


კითხვას, ფიქრობს, რომ ღამით ფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ ვერტმფრენებს და უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, შს მინისტრმა უპასუხა: „არ იყო საჭირო, პილოტებს გაერისკათ, შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხეობაა, მთააა, შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა ყაზბეგში, იქაც გარისკეს პილოტებმა და მოხდა უბედურება.“


მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ამ დრომდე რატომ არ ჩავიდა სტიქიის ადგილზე, რაზეც ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ „მამის ჯანმრთელობის მდმომარეობის გამო, თურქეთში იყო.“ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა. 

„ამ დროისთვის 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა. ყველა სამსახური მუშაობს, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, მაქსიმალურს აკეთებენ.

ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60%, ჩამოშლილი მასა, რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. ალბათ, შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოზე. ასევე, მდინარის 50 კმ-ს ამუშავებენ, კონტროლდება, შემდეგ რიონს უნდა ჩამოვუყვეთ, შეიძლება, ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე,“ - აღნიშნა მინისტრმა.


მეხანძრე-მაშველებმა 11 აგვისტოს 3 ცხედარი იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდეა გაზრდილი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი. ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა.

ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.