ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება, უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს - მედია

ლატვიის რკინიგზა უკვე შემოდგომაზე იქნება მზად, რომ უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. შესაბამის ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, რომ ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა.

„მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო. ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ,“ - განაცხადა პლიავნიექსმა.


შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: