თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ სწავლების დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატები მზად იქნება, კონგრესთან კონსულტაციით დაამტკიცოს F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მესამე მხარის მიერ გადაცემა უკრაინისთვის.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ვაშინგტონი სასწავლო პროგრამის ყველა ელემენტთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.
Washington Post-ის ცნობით, პირველი ექვსი უკრაინელი მფრინავის მომზადება 2024 წლის ზაფხულამდე არ დასრულდება.
უკრაინელ სამხედროებს ჯერ ინგლისური ენის გაკვეთილები უწევთ დიდ ბრიტანეთში, რათა ისწავლონ თვითმფრინავების ფრენისთვის საჭირო ტერმინოლოგია, ხოლო თავად საბრძოლო მომზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის იანვრისთვის დაიწყება.