უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ყირიმის ხიდის ორი აფეთქების დეტალებს ამხელს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ყირიმის ხიდის ორი აფეთქების დეტალებზე საუბრობს. ამ შინაარსის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვასილი მალიუკი ამბობს, რომ ქერჩის სრუტეს გასწვრივ პირველი აფეთქების დროს, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში მოხდა, სამსახურის თანამშრომლებმა ხიდთან 21 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მანქანა მიიყვანეს. მალიუკის განმარტებით, ასაფეთქებელი ნივთიერება სპეციალურ შესაფუთ მასალაში იყო გადახვეული, რომ სკანერებით მისი გამოვლინება შეუძლებელი ყოფილიყო.


მალიუკის თქმით, ყირიმის ხიდზე 2023 წლის ივლისში განხორციელებული მეორე შეტევაში საზღვაო დრონები მონაწილეობდნენ და მათზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობა ჰექსოგენის 850 კგ-მდე იყო გაზრდილი.

SBU-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი არის ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის და რომ ჟენევის კონვენციები, რომლებიც არეგულირებს ომის წესებს, არ შეიცავს აკრძალვას ასეთ ობიექტებზე თავდასხმაზე.


CNN 16 აგვისტოს წერდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა ამერიკულ ტელეარხს მიაწოდეს ექსკლუზიური კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია 17 ივლისს ყირიმის ხიდის საყრდენზე მომხდარი თავდასხმა. კიევმა პირველად, ოფიციალურად აღიარა თავისი უშიშროების ძალების მონაწილეობა ამ თავდასხმაშიც.


უკრაინამ ოფიციალურად ივლისში დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში.

მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა.


რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.