ჩინეთმა ტაივანის გარშემო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენიშნა 42 ჩინური თვითმფრინავი და რვა ხომალდი, რომლებიც კუნძულის გარშემო წვრთნებში მონაწილეობდნენ. უწყებამ განაცხადა, რომ ტაივანმა საპასუხოდ გემები და თვითმფრინავები განათავსა.


სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სარდლობამ, რომელიც პასუხისმგებელია ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე, მოკლე განცხადებაში მიუთითა, რომ კუნძულის გარშემო ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას ახორციელებს.

საზღვაო და საჰაერო ძალების წვრთნები ფოკუსირებულია კოორდინიცირებულ მოქმედებებზე, ძალების „ფაქტობრივი საბრძოლო შესაძლებლობების" გამოსაცდელად. ეს არის სერიოზული გაფრთხილება სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გარე ძალებთან შეთანხმებულნი არიან სიტუაციის პროვოცირების მიზნით,” - ნათქვამია განცხადებაში.


Reuters-ის ცნობით, ტაივანის მთავრობამ წვრთნები მკაცრად დაგმო

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას აქვს უნარი და ნდობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მოუწოდა პეკინს „შეწყვიტოს სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ტაივანზე და სანაცვლოდ ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში.“  ამასთან, აღნიშნეს, რომ აშშ წვრთნებზე მჭიდრო მონიტორინგს გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი დაგმო და მას სეპარატისტი უწოდა.


ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.

ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.


გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი