ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებით, ADY Container-მა ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა

სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ტვირთები ახალი მარშრუტით, თურქეთის პორტებიდან (დერინცა, მერსინი, ალსანჩაკი, მარპორტი, ევიაპი) საქართველოს პორტების ფოთისა და ბათუმის მიმართულებით  გადაიზიდება.

პორტებში, კონტეინერები პლატფორმებზე გადაიტვირთება და სარკინიგზო ტრანსპორტით ბაქოს პორტში მიიტანენ. შემდეგ ტვირთი გაიგზავნება აქტაუს (ყაზახეთი) და თურქმენბაშის (თურქმენეთი) პორტებში, იქიდან კი რკინიგზით, ცენტრალური აზიის მიმართულებით წავა. ეს ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი უზრუნველყოფს საქონლის დროულ მიწოდებას დანიშნულების სადგურებზე და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას,“ - ნათქვამია ADY Container-ის განცხადებაში.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან.

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა.

მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“.

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება.


BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).