„ვაგნერის“ „მარშიდან“ „თვითმფრინავის კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები

23 აგვისტოს, რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი - Embraer Legacy 600 ჩამოვარდა. „როსავიაციამ“ მალევე დაადასტურა, რომ თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი უტკინი იყვნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.


Embraer-ის ჩამოვარდნას მალევე მოჰყვა საერთშორისო რეაქციები.

„არ მიკვირს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის თვითმრინავის კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.


„შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა. „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე,“ - აღნიშნავს ბაიდენი.


გუშინვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს.


თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ „ვაგნერის“ ლიდერის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან.


„ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან,“ - განაცხადა ზბიგნევ რაუმ.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით კი, ნათელია, რომ პუტინის „თავის ცხოველურ ტერორს არავის პატიობს.

„ის მომენტს ელოდა. აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი თავისთვის სპეციალურ „სასიკვდილო ორდერს“ მოაწერა ხელი, როდესაც ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიებისა“ და პუტინის აბსურდული „საპაიო სიტყვის“ ირწმუნა,“ - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.


პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინისა და „ვაგნერის” ხელმძღვანელობის დემონსტრაციული განადგურება აჯანყების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი 2024 წლის არჩევნების წინ: „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის.” 

პოდოლიაკის შეფასებით, ეს ასევე სიგნალია რუსი სამხედროებისთვის.


სხვა გამოხმაურებები ასეთია:

ესტონეთის პრემიერი: თუ ეს ასეა, ეს აჩვენებს, რომ პუტინი ოპონენტებს ანადგურებს და ეს აშინებს ყველას, ვინც ფიქრობს, გამოხატოს განსხვავებული აზრი.


ბრიტანელი დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალისია კერნსი:

იმ სისწრაფემ, რომლითაც რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგისკენ ფრენის დროს ჩამოვარდა, უნდა გვითხრას ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მიანიშნებს რომ პუტინი ძალიან ხმამაღალ გზავნილს აგზავნის. პუტინი აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის და ამ ადამიანების სიას პრიგოჟინიც დაემატა. პუტინისთვის არის ერთი მიუტევებელი ცოდვა: პუტინისა და რუსეთის ღალატი. ის აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის, მათ შორის ბრიტანეთის სანაპიროებზე, როგორიცაა ალექსანდრე ლიტვინენკო და სერგეი სკრიპალი. ახლა ამ სიას ევგენი პრიგოჟინი დაემატა.


„მაგნიტსკის აქტის„ ავტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი ბილ ბროუდერი:

ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ.


პაველ ლუზინი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი, აშშ:

მიუხედავად ყოველგვარი ვარაუდისა, მოკლა თუ არა პრიგოჟინი პუტინმა მისი ბრძანებით, თუ მისი თვითმფრინავი განადგურდა, ეს მოვლენა აჩვენებს, რომ რუსული ელიტა არ არის ერთიანი; რომ წინააღმდეგობები კრემლში იზრდება; რომ რუსეთის ხელმძღვანელობის სხვადასხვა შტოს შორის კოორდინაცია მართლაც ცუდი კოორდინაციაა. ბოლოს და ბოლოს, თუ ვლადიმერ პუტინი ასეთი ძლიერია, რატომ არ დააკავა მან პრიგოჟინი?


ცნობისთვის, პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“

ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.


ინფორმაციისთვის, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინააღმდეგ 2023 წლის 23-24 ივნისს ორგანიზებული „ამბოხების“ შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. სუროვიკინმა მაშინ ვიდეომიმართვა ჩაწერა და „ვაგნერელებს" დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.


მედიაში 22 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 23 აგვისტოს, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მთავარსარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა.

მომზადებულია Reuters-ისა და Meduza-ს მიხედვით.