სი ძინპინი: ჩინეთი გლობალური განვითარების ინიციატივისთვის $10 მილიარდიან ფონდს შექმნის

ჩინეთი შექმნის $10 მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებს მოხმარდება. ეს დაპირება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში გასცა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე შექმნიან ახალ $10-მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივებს განახორციელებს.


„ჩინეთმა უზრუნველყო განვითარების დიდი რესურსები. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე მდგრადი განვითარებისთვის შექმნიან სპეციალურ ფონდს, რომლის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარი იქნება,“  - განაცხადა სი ძინპინმა.


BRICS-მა რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, 24 აგვისტოს, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემირო, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან.

BRICS-ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ „მშვიდობასა და განვითარებაში."


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია BRICS-ის ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე არ ჩასულა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.