ამერიკელი გენერალი: უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზი გაარღვიეს

კონტრშეტევის განმავლობაში, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის პირველი მთავარი თავდაცვითი სარტყლის გასწვრივ შეტევის წარმოება შეძლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ იორდანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ Al-Mamlaka TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მილიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული ჯარები მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდნენ თავდაცვის ხაზებს. მაგალითად, ასეთად მოიაზრება „ნაღმური ველები,“ „დრაკონის კბილები“ და „სატანკო თხრილები.“

„ეს არის „ძალიან რთული ნაკრები,“ რომელსაც უკრაინელები ებრძვიან," - ამბობს მარკ მილი.


ამასთან, CNN 25 აგვისტოს იტყობინებოდა უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ არსებობს ნიშნები, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. თავის მხრივ, მილიმ ხაზი გაუსვა, რომ „ძალიან ნაადრევია იმის თქმა“, მიაღწია თუ არა უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას თუ მათი მცდელობა წარუმატებელია.

მან ბრძოლას უწოდა „ძალიან სისხლიანი, ნელი, ხანგრძლივი და რთული.“ მარკ მილიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების „საკმაო ნაწილის“ გათავისუფლების შემდეგ, უკრაინულ ძალებს აქვთ „მნიშვნელოვანი ძალა დარჩენილი და ეს ჯერ არ ამოწურულა.“

ამავე ინტერვიუდან: მარკ მილი: უკრაინა F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მალე მიიღებს


უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 4 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გადაკვეთეს. მალიარმა განმარტა, რომ მტრის მიერ შექმნილი ბარიერები უკრაინელების მოძრაობას და საბრძოლო მოქმედებებს ართულებდა. 


უფრო ადრე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერდა, რომ უკრაინის კონტრშეტევითი ძალები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში წინ მიიწევენ. 

ISW-ს წერდა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ რობოტინის ჩრდილო-აღმოსავლეთით“ და სავარაუდოდ, უფრო ფართო მიღწევები აქვთ მიმდებარე რაიონებში.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს.