უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ამერიკული F-16-ის ტიპის თვითმფრინავების განლაგება უკრაინას მნიშვნელოვნად დაეხმარება, რადგან ჰაერიდადან ბრძოლის თვალსაზრისით, ახლა პარიტეტი არ არის დაცული. დანილოვის შეფასებით, F-16 თვალსაზრისით სურათს შეცვლის.
„ჰაერში არ არის პარიტეტი. ეს ართულებს ბევრ საკითხს, რომელიც დღეს ფრონტზე არსებობს. როგორც კი F-16-ები გამოჩნდებიან და ჩვენი შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად გამოიყენებენ მას, დამიჯერეთ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება ჩვენ თვალწინ,“ - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა CNN-ის ცნობით.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამ დროისთვის აგრძელებს თავის „კომპლექსურ ოპერაციას" ადგილზე და ინარჩუნებს მიდგომას მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,
„თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს იყო რაღაც წვრილმანი და რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს დასახულ მიზნებს - ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას, ძალიან სწრაფად, გახსოვდეთ, რომ მტერი ძლიერია. მტერს აქვს თავდაცვისა და დამცავი სტრუქტურების გარკვეული სისტემა, რომლის აშენებაც შეძლო,“ - განაცხადა დანილოვმა.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.
რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს.