მარკ მილი: უკრაინა F16-ის ტიპის თვითმფრინავებს მალე მიიღებს

ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს სავარაუდოდ, მალე მიიღებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„F-16-ების საკითხი ფაქტობრივად, წინ მიიწევს. ასე რომ, არსებობს სასწავლო პროგრამა და სავარაუდოდ, მალე მიიღებენ (უკრაინა, რედ.) F-16-ებს... არც თუ ისე შორეულ მომავალში", - ამბობს მარკ მილი იორდანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო არხთან Al-Mamlaka-სთან ინტერვიუში. 

მან უკრაინის კონტრშეტევაზეც ისაუბრა და ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა წარმატებას კიევმა.

„ცხადია, რომ მან ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია დღემდე. ახლა ტემპი, რომლითაც შეტევა მიმდინარეობს, იმაზე უფრო ნელია, ვიდრე კონტრშეტევის დამგეგმავებს ეგონათ,"- აღნიშნა მილიმ.


უკრაინული ძალები ინტენსიურად გაწვრთნეს ევროპის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის რთული დაბრკოლებების გარღვევისთვის, რაც გააძლიერებს მის შესაძლებლობებს“, - განაგრძო აშშ-ის ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა.


თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.

ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.