პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს უბრძანა, სახელმწიფოს ერთგულების ფიცს ხელი მოაწერონ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის" წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს. Reuters-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი პუტინმა 25 აგვისტოს მოაწერა მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთის ვარაუდები იმის შესახებ, რომ პრიგოჟინი მისი ბრძანებით მოკლეს, „აბსოლუტური სიცრუეა.“


პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გასამხედროებული ჯგუფების მეომრებს რუსეთის სახელმწიფო დროშის წინ ფიცის დადებას ავალდებულებს. მის გამოცემამდე ორი თვით ადრე, „ვაგნერის" მებრძოლებმა პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ხანმოკლე „ამბოხება“ მოაწყვეს.


ბრძანება შეეხება „მოხალისეთა ფორმაციების“ ყველა წევრს - „მოხალისეთა ფორმაციებს" ოფიციალური პირები უწოდებენ კერძო გასამხედროებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში ოფიციალურად აკრძალულია.


კრემლს პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გარშემო დუმილი 24 აგვისტოს დაარღვია. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, პრიგოჟინს კი, რთული ბედის, თუმცა ნიჭიერი ადამიანი უწოდა.

ცნობისთვის, პენტაგონმა განაცხადა, რომ მისი თავდაპირველი შეფასებით, პრიგოჟინი მოკლეს. ამავე დროს აღნიშნეს, რომ არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავი“ რაკეტით ჩამოაგდეს.


შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.


პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“


„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.