მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა

ევროპული საბჭოს პრეზიდენმა შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თაღირი დაასახელა. სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა 2030 წლისთვის გაფართოების „მკაფიო მიზანი“ უნდა დასახოს. 

„ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტში საჭირო იქნება ჩვენი საერთო მიზნების შეტანა. ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი მიზანი, რაც საკითხისადმი ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ასახავს,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. 

პრეზიდენტ მიშელის თანახმად, ეს რეფორმების გატარებას დააჩქარებს და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება ურთიერთგაგება ევროკავშირსა და მის მომავალ წევრ სახელმწიფოებს შორის.


„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. და ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრებზეც განიხილავენ. ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე მტკიცე პოზიციას დავიკავებთ. გარდა ამისა, მე მოველი, რომ დღის წესრიგში ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხებიც დაბრუნდება,“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.


მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წევრობა არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. „ეს ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ბრძოლას კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს ასევე ნიშნავს ეკონომიკურ მზადყოფნას, კერძოდ, ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის (EU acquis) მიღებას. და ჩვენ მხარეს დგომას საგარეო პოლიტიკაში, რაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - აღნიშნა მიშელმა.


გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“


ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.