გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული გუშინდელი მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვი სავარაუდოდ, თავის საჰაერო თავდაცვას გადახედავს.
მისივე თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბევრმა მიზანს მიაღწია, რაც დიდი ალბათობით, ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება.
„რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლავდეს ამ თავდასხმებს,“ - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
უწყების შეფასებით, რუსეთის ფსკოვისა და სოლცის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი თავდასხმები ადასტურებს, რომ უკრაინას აქვს დრონები, რომლებსაც მნიშვნელოვან მანძილზე წვდომის უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ადრინდელი რეაგირება დარტყმებზე, შეიძლება ეფექტიანი აღარ იყოს.
„სავარაუდოდ, რუსეთს მოუწევს, განიხილოს საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატება აეროდრომებზე, რომლებიც, მისი აზრით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან,“ - წერს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ბოლო ცნობებში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, გუშინდელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ომის დაწყების შემდეგ.
რუსეთის ხელისუფლება გუშინ იუწყებოდა ქვეყნის 6 რეგიონში დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებოდა.
უკრაინის დაზვერვამ მოგვიანებით, 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.
- ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია