უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ომის პირობებში გაიმართება.
- „2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, ვერ მივატოვებ სახელმწიფოს, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ."
ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეარხ, RTP-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის 31 მარტს უნდა გაიმართოს.
„თუ ეს არჩევნებია, მაშინ უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე, რათა სამხედროებმა ხმის მიცემა შეძლონ. ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან. მინდა, რომ პროცესი იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ეს მოხდა არჩევნებზე, როცა პრეზიდენტი გავხდი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ივლისის ბოლოს, BBC-ის კითხვას, ჩატარდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წელს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ კანონის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან დროს, როდესაც არ არის საომარი მოქმედებები.
ზელენსკიმ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება ომის დროს შესაძლებელია, თუ უკრაინას დასავლეთი დაეხმარება.