„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. თუმცა მისი თქმით, „იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს.“

„საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს.

ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.


გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული.

იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„უპირველესად შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე ძალიან ცხადი და მკაფიოა, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,“ - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. დღეს კი, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.