სალომე ზურაბიშვილი: ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ამსახველი პოსტი და ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„მადლობა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის დაცვაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.


შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. ის გერმანიიდან ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა.

პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.


ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 

საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.


ცნობისთვის, პირველ სექტემბერს, თბილისში 11:00 საათზე გამართა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ თავმჯმდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართა იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს.

იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან დღეს გამართავს მოლაპარაკებებს.

თავად პრეზიდენტი მმართველი გუნდის გეგმას არ გამოხმაურებია. ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციიდან მალევე, ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ მხოლოდ ფოტო გამოაქვენა, რომელიც მატარებლით მის გადაადგილებას ასახავს.