საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას ეხმაურება. ელჩი პრეზიდენტს ევროპული მომავლისკენ წინსვლაში მისი როლისთვის აქებს.
„ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო. ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის," წერს საფრანგეთის ელჩი და ზურაბიშვილისა და მიშელის შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზს აზიარებს, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე გუშინ, პირველ სექტემბერს განთავსდა.
პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.