შარლ მიშელი: საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და სალომე ზურაბიშვილმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მიშელმა ასევე ხაზი გაუსვა საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, ასევე, დეოლიგარქიზაციის, ანტიკორუფციული ზომების მიღებისა და მედია-პლურალიზმის მიმართულებით, რაც ახლა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისადმი.


ამასთან, მიშელმა განსაკუთრებით დასაფასებელი უწოდა ზურაბიშვილს როლს, რომელიც პირის შეწყალების უფლების გამოყენებაში შეასრულა, რამაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და განსაკუთრებით დასაფასებელია ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი.

პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მედეგობის გაძლიერების ერთგული.


პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, გამართა.