შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. ამ თემაზე საუბრობს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში.
„მოგეხსენებათ, გასულ წელს, მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ.
ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო.
ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება.