საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი დააფიქსირა

  • საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში,“ – განაცხადა ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში იმართება კონფერენცია თემაზე, „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“.


გარკვეული კონტექსტი

ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.


კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო. 


რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან.

„საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს.


„ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings).

საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.


შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.

ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.


ამავე თემაზე გაეცანით: