ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში ჩასვლას აანონსებს: საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება

„მე არსად მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის დროს დადო ფიცი, რომ დაიცავდა საქართველოს კონსტიტუციას და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული იქნება.

„დღეს მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგანაც მე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი.

ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენია რჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს.


მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება შეიძლება არა გადაჭრილი, მაგრამ იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს.

ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული.

ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც გვიკარნახებს და რომელიც მეც მივიღე იმ დროს, როცა ცვლილებები შევიდა ამ კონსტიტუციაში, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება.

ამიტომ დავდივარ, ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემს მიმართ ნდობა, მაგრამ რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა. როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები, მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, რომ ასე პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავის სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ ორთვე-ნახევარში თუ სამ თვეში, რომ მოვიარო მთავარი და შეიძლება, ყველა დედაქალაქი ევროპისა და მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა.

ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს იქნება, არასდროს რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გავქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ერთიანი, მუდმივი სვლა, ვიდრე ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზე არის დამოკიდებული. თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.