რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების პოვნის შემდეგ, რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარა

NATO-ს წევრის ქვეყნის რუმინეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციის დროებითი რწმუნებული დაიბარა. მიზეზი ბუქარესტის მიერ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების აღმოჩენაა.

„სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიულ საკითხებში, იულიან ფოტამ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით რუმინული მხარის პროტესტი გამოხატა მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან მოხდა იდენტიფიცირება უპილოტო თვითმფრინავის ზოგიერთი იმ ფრაგმენტისა, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ დრონების მსგავსია.

ამავდროულად, რუმინელმა ოფიციალურმა პირმა დაგმო რუსული ძალების სისტემატური, გაუმართლებელი და ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მათ შორის, რუმინეთის საზღვართან, რაც საფრთხეს უქმნის რუმინეთის მოქალაქეებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს.


პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს.


რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა.

რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს.