პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.
ეს განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ აქვს.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, „იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა, მოახდინონ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები.“
კერძოდ, ილია დარჩიაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, აზიანებს თუ არა ქვეყნის ინტერესებს.
„მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას, ვერ დავინახავდი. აქ საუბარია არის და ამაზე არაერთხელ ითქვა, რომ საკითხი ეხება კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცალსახად, გასაგებად და ნათლად არის გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრიათ. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.
იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები. რაც შეეხება [ევროინტეგრაციის პროცესის] დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად, რომ საქართველო მორიგ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის მიმართულებით,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინეს.
ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესახებ გაჟღერებული გზავნილიდან რამდენიმე დღეში „ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტი დაიწყო, რაც ყველაფერს ნათელს ხდის, „დამნახავი ამას დაინახავს" და „მეორე ვარიანტი არ არსებობს.“
„დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზეზია ის, რომ მენახა ხელმოწერები, რომლითაც "ქართული ოცნება" და უმრავლესობა აპირებს სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, რომელიც დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დაიწყო ლუსტრაცია იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ აუბამს მხარს ამ პროცესს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რომელიც გამყარებულია ასევე კონსტიტუციით.
ვინც მომხრე იქნება იმპიჩმენტის, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი. „ქართულ ოცნებას" და უმრავლესობას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ახორციელებენ როგორც სიტყვით, დღეიდან უკვე, როგორც ჩანს, საქმით, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში გარდა პრეზიდენტის აქტივობისა, ყველაფერი აკმაყოფილებთ და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში იწყება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. ყველაფერი ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს, ვისაც გაგება უნდა გაიგებს, მეორე ვარიანტი არ არსებობს,“ - განაცხადა მსხილაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.