ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველდღე ერთი რეისი შესრულდება, ეს ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი იქნება. საუბარია სამმხრივ ფრენაზე - პეკინი-ურუმჩი-თბილისი.
„თუმცა საბოლოოდ, ჩვენ გვინდა, რომ პირდაპირ დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და ამაზე პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თმით, საუბარი ჰქონდათ ჩინურ ავიაგადამზიდველებთან.
„პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში გვქონდა ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან საუბარი პირდაპირი ფრენების ზრდაზე და ასევე სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ სულ მცირე, დღეში ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ მიიღო, არის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი," - აცხადებს დავითაშვილი.
- რაც შეეხება უვიზოდ შემოსვლას, მისი განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ
დავითაშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უკვე შედის.
„ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა 30-დღიანია, ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ, უვიზოდ მოინახულონ“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყოველწლიურად, ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაკადი გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო,“ - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ტურისტული ნაკადების ზრდა წარმატებით მოახდინა ჩინეთიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.
- დავითაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. კითხვაზე, იქნება თუ არა ჩინეთთან დამთბარი ურთიერთობა და გახსნილი სავაჭრო ბაზარი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი, დავითაშვილი ასე პასუხობს:
„მე პირადად გეტყვით, რომ უშუალო საუბრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტრატეგიული პარტნიორების ხელისუფლებებთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა. პირდაპირ გიდასტურებთ, პირად საუბრებში ვსაუბრობდით იმ პოტენციალზე, რომელიც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ქვეყანას გააჩნია და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩინეთი მსხვილი და პირველი სავაჭრო პარტნიორია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის. ჩინეთი დღესაც საინტერესო პარტნიორია ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში.
თქვენ დაინახეთ „დიდი ოცეულის“ სამიტზეც რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩინეთთან ურთიერთობას დასავლური ქვეყნების მხრიდან. აქ საუბარია როგორც ინვესტიციებზე, ისე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ვაჭრობაზე. როცა ვსაუბრობთ სავაჭრო ურთიერთობებზე, მინდა დაგიდასტუროთ, რომ აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან კოლოსალური რიცხვებია, ნახევარ ტრილიონზე მეტია და ნახევარ ტრილიონზე მეტია, თითქმის ტრილიონია ევროკავშირთან ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა.
ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. თუ ჩვენ არ ვიქნებით რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში, თუ ჩვენ კომპეტენტური არ ვიქნებით მათ შორის, რომ ჩვენი ინტერესები სწორად გავითვალისწინოთ და დავიცვათ, მაშინ, ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორი ჩვენთვის შეიძლება საფრთხე იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ქვეყანას ბევრი მიმართულებით ჩამორჩენა აქვს.
„საერთოდ, ვერიდები ხოლმე ამაზე საუბარს, მაგრამ ყველაზე დიდი კრიტიკა, რაც შეიძლება ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მიმართ არსებობდეს და ოპონენტების მხრიდან, არის მათ შორის, ჩემი გადმოსახედიდან, უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, რომელმაც მოგვცა ის, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარების ჩამორჩენა გვაქვს, იგივე უპასუხისმგებლო პრივატიზებები, იგივე პრივატიზებები, როცა ჩვენი ენერგეტიკის დიდი ნაწილი ისეთი კომპანიების ხელში გადავიდა, რომელიც კითხვებს ბადებს.
იმ ადამიანებს დღეს, რა თქმა უნდა, მორალური უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ რაიმე კითხვას სვამდეს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თუ ჩვენ ვიქნებით გამჭრიახი და ჩვენ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაშინ, ყველა სავაჭრო ეკონომიკურ პარტნიორთან შეიძლება გვქონდეს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა, ქვეყანასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობდეთ, ეს შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესებში იყოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც სხვა ქვეყნის ინტერესები ზიანდებოდეს ეკონომიკურ ურთიერთობებში და ეს იყოს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობა. ზუსტად, ამაზე უნდა იყოს აგებული მათ შორის, ჩინეთთან თანამშრომლობა,“ - განაცხადა დავითაშვილმა.